წაკითხვის სავარაუდო დრო - 6 წუთი

 

შეჯამება: ქრონიკული სტრესი გავლენას ახდენს პიროვნების ჯანმრთელობასა და მენტალურ კეთილდღეობაზე. COVID-19 ვირუსის გამო ქრონიკული სტრესი იზრდება მსოფლიოს მასშტაბით. პარალელურად მკვლევრები ამოწმებენ ზოგად და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ქრონიკული სტრესის შესაძლო გავლენას და გვთავაზობენ განსაზღვრულ მეთოდებს, რომელთა გამოყენებითაც შეგვიძლია ჩვენი სტრესის დონის მართვა.

მცირეოდენი სტრესი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რაც ზოგჯერ კარგიც კია ჩვენთვის. სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება შინაგანად უფრო ძლიერს გვხდის. მაგრამ როცა სტრესი ჭარბი ან ქრონიკულიამაგალითად, გამოწვეულია ქორწინების ან პარტნიორთან ურთიერთობის დანგრევით, ოჯახის წევრის სიკვდილით ანბულინგით“ — მასთან გამკლავება დაუყოვნებლივაა საჭირო.

ეს იმიტომ, რომ შესაძლოა, განმეორებით სტრესს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდეს ჩვენს ტვინზე და გამოიწვიოს მრავალრიცხოვანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები.

განმეორებითი სტრესი სხეულის ქრონიკული ანთების მთავარი ფაქტორია. ქრონიკულმა ანთებამ შეიძლება ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებისკენ გვიბიძგოს, როგორებიცაა, მაგალითად, დიაბეტი და გულის დაავადებები. ტვინი, ჩვეულებრივ, მოლეკულების ცირკულაციისგან სისხლსა და ტვინს შორის არსებული ბარიერითაა დაცული. მაგრამ განმეორებითი სტრესის პირობებში ეს ბარიერი სრულად ვეღარ იცავს და ტვინში ცირკულირებადი ანთების გამომწვევი ცილები აღწევს.

ჰიპოკამპი ტვინის საკვანძო ნაწილია დასწავლისა და მეხსიერებისთვის და ის განსაკუთრებულად მოწყვლადია ასეთი შემოტევებისას. ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ანთებამ უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს ტვინის იმ სისტემებზე, რომლებიც დაკავშირებულია მოტივაციასა და მენტალურ მოქნილობასთან.

ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ქრონიკული სტრესი ტვინში კორტიზოლისა და კორტიკოტროპინის გამოყოფის ფაქტორებზე ზემოქმედებს. ორგანიზმში ხანგრძლივი დროით კორტიზოლის დიდი რაოდენობა დაკავშირებულია გუნება-განწყობილების პრობლემებთან და ჰიპოკამპის ზომის შემცირებასთან. ამან შესაძლოა ასევე გამოიწვიოს ბევრი ფიზიკური პრობლემა, მათ შორის არარეგულარული მენსტრუალური ციკლი.

განწყობილება, კოგნიცია და ქცევა

კარგად დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება მიგვიყვანოს დეპრესიამდე, რაც მსოფლიოში ქმედუუნარობის გამომწვევი წამყვანი ფაქტორია. ეს ასევე განმეორებადი მდგომარეობააადამიანები, რომელთაც განუცდიათ დეპრესია, მომავალში დეპრესიული ტალღის განმეორების მაღალი რისკის ჯგუფის ქვეშ არიან, განსაკუთრებით სტრესის დროს.

ამის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს და ისინი ტვინში მიმდინარე ცვლილებებს უკავშირდება. შემცირებული ჰიპოკამპი, რომელსაც სტრესის ჰორმონების ქრონიკული გავლენა და განუწყვეტელი ანთებითი პროცესები იწვევს, უფრო მეტად ვლინდება დეპრესიულ პაციენტებში, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში.

საბოლოოდ ქრონიკული სტრესი ტვინში ცვლის ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც პასუხიმგებელნი არიან კოგნიციასა (შემეცნებასა) და გუნება-განწყობილებაზე, მათ შორის სეროტონინს. სეროტონინი მნიშვნელოვანია განწყობილების რეგულაციისა და კეთილდღეობისთვის. მეტიც, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI) გამოიყენება დეპრესიის მქონე ადამიანების ტვინში სეროტონინის ფუნქციური აქტივობის აღსადგენად.

ძილისა და ცირკადული (დღეღამური) რიტმის დარღვევა ბევრი ფსიქიატრიული აშლილობის ხშირი მახასიათებელია, მათ შორის დეპრესიისა და შფოთის. სტრესის ჰორმონები, მაგალითად, კორტიზოლი, საკვანძო როლს ასრულებს ძილის რეგულირებაში. შესაბამისად, მომატებული კორტიზოლის დონემ შეიძლება ხელი შეუშალოს ჩვენს ძილს, ამიტომაც კანონზომიერი ძილისა და ცირკადული რიტმის აღდგენა შესაძლოა მკურნალობის ტოლფასი იყოს ამ მდგომარებებისთვის.

დეპრესიამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესია აზიანებს კოგნიციას როგორც არაემოციურ სფეროებში, მაგალითად, დაგეგმვასა და პრობლემის გადაჭრაში, ასევე ემოციურ და სოციალურ სფეროებში, როგორიცაა, ვთქვათ, უარყოფით ინფორმაციაზე ყურადღების გამახვილება.

დეპრესიასა და შფოთვასთან ერთად ქრონიკულმა სტრესმა და მისმა მოქმედმა ზეგავლენამ შეიძლება გამოიწვიოს გამოფიტულობის სიმპტომები, რომლებიც ასევეა დაკავშირებული ყოველდღიურობაში კოგნიტური შეცდომების გაზრდილ სიხშირესთან. როდესაც ინდივიდებს მოეთხოვებათ, მეტი საქმე გაწიონ სამსახურსა თუ სკოლაში, ამან შეიძლება შეამციროს წარმატების განცდა და გაზარდოს მგრძნობელობა შფოთის მიმართ, რაც ქმნის მანკიერ წრეს.

ზოგჯერ სტრესი ასევე ხელს გვიშლის რაციონალურ ფიქრსა და ემოციებს შორის წონასწორობის დაცვაში. მაგალითად, ახალი კორონავირუსის გლობალური გავრცელების შესახებ არსებულმა სტრესულმა ინფორმაციამ ადამიანების მიერ ხელის სანიტარული ხსნარების, ხელსაწმენდებისა და ტუალეტის ქაღალდების მომარაგება გამოიწვია. მაღაზიები ცარიელდება ამ ნივთებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გვარწმუნებს საკმარისი მარაგების არსებობაში.

ეს ხდება იმიტომ, რომ სტრესი აძალებს ტვინს, რომ გადაერთოსჩვევის სისტემაზე“. სტრესის ქვეშ ტვინის უბნები, როგორიცა პუტამენი (ჩენჩო), მრგვალი სტრუქტურა წინა ტვინის ქვედა მხარეზე, მომატებულ აქტივობას აჩვენებს. მსგავსი აქტივობა დაკავშირებულია ზედმეტი სასაქონლო მარაგების დაგროვების ქცევასთან. გარდა ამისა, სტრესულ სიტუაციებში ვენტრომედიალურმა პრეფრონტალურმა კორტექსმა, რომელიც მონაწილეობს ემოციურ კოგნიციაშისოციალურ აფილირებასა და შიშის შესახებ დასწავლაშიშესაძლოა გაამძაფროს არარაციონალური შიშები. საბოლოოდ, ეს შიშები არსებითად გადაძალავს ტვინის ჩვეულ უნარს, რომ ცივად და რაციონალურად მიიღოს გადაწყვეტილებები.

სტრესთან გამკლავება

რა უნდა გააკეთოთ, თუკი ქრონიკული სტრესით იტანჯებით? საბედნიეროდ, არსებობს მასთან გამკლავების გზები. ბრიტანეთის მთავრობის პროექტი მენტალურ კაპიტალსა და კეთილდღებაზე გვთავაზობს კვლევაზე დაფუძნებულ გზებს მენტალური ჯანმრთელობისთვის.

მაგალითად, ვიცით, რომ ფიზიკური ვარჯიში სასარგებლო იარაღია ქრონიკული სტრესის წინააღდმეგ. ვარჯიში ეწინააღმდეგება ანთებას ანტი-ანთებითი პროცესების გაძლიერებით. გარდა ამისა, ვარჯიში ზრდის ნეიროგენეზსტვინის ახალი უჯრედების წარმოქმნის პროცესსისეთ მნიშვნელოვან ნაწილებში, როგორიცაა ჰიპოკამპუსი. ის აგრეთვე აუმჯობესებს თქვენს გუნება-განწყობილებას, კოგნიციასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

კიდევ ერთი გზა ჭარბი სტრესის შესამცირებლად არის ადამიანებთან კონტაქტიოჯახთან, მეგობრებთან, მეზობლებთან. როცა სტრესის ქვეშ ხართ, რელაქსაცია, მეგობრებთან ინტერაქცია და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ყურადღებას გადაგატანინებთ და სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ.

სწავლა, ალბათ, ნაკლებად აშკარა მეთოდია. განათლება ზრდის კოგნიტურ რეზერვსსააზროვნო უნარების საწყობსრომელიც ერთგვარ დაცვას წარმოადგენს, როცა უარყოფითი ცხოვრებისეული მომენტები გვაქვს. მეტიც, ჩვენთვის ცნობილია, რომ ადამიანები ნაკლებად იტანჯებიან დეპრესიისა და სხვა პრობლემებისგან, თუკი მათ კარგი კოგნიტური რეზერვი აქვთ.

სხვა მეთოდები მოიცავს გონების სისავსის სავარჯიშოებს, რაც გვაძლევს საშუალებას, შევამჩნიოთ სამყარო ჩვენ ირგვლივ, ვიყოთ ცნობისმოყვარეები და აწმყო მომენტში გავატაროთ დრო. ერთ-ერთი ხერხია ასევეგაცემა“ — მოხალისეობა ან თანხის შეწირვა ქველმოქმედებისთვის ააქტიურებს დამაჯილდოებელ სისტემას თქვენს ტვინში და განიჭებთ დადებით ცხოვრებისეულ ემოციებს.

ქრონიკული სტრესისას ყველაზე მნიშვნელოვანია, არ იყოთ ლოდინის რეჟიმში და ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა სცადოთ. კარგი შედეგებისა და კარგად ყოფნის მთავარი კომპონენტი ადრეული აღმოჩენა და ადრეული ეფექტური რეაგირებაა. გახსოვდეთ, რომ უნდა გაითვალისწინოთ მთლიანი სურათი და გააუმჯობესოთ თქვენი გუნება, ფიქრები და ფიზიკური ჯანმრთელობა.

ნუ დაელოდებით, სანამ სტრესი გამოგფიტავთ და შეგიპყრობთ. მნიშვნელოვანია, რომ ადრეული ასაკიდან ვისწავლოთ, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ტვინის ჯანსაღი მდგომარეობა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

წყარო: NeuroscienceNews

რედაქტორი - შოთა ფუტკარაძე
 

სტატიის ავტორი /მთარგმნელი - ხათუნა გოგუაძე, 2021-03-03


კომენტარები