წაკითხვის სავარაუდო დრო - 3 წუთი

შესაძლოა, წონაში დასაკლებად არ მიირთვით საჭმელი ან თავი შეიკავეთ მისგან რელიგიური წესის დასაცავად (მარხვისას). მაგრამ რა ხდება თქვენს ტვინში, როცა უარს ამბობთ საკვებზე? ნეირომეცნიერმა მარკ მეტსონმა აღმოაჩინა გასაოცარი დადებითი შედეგები, რომლებსაც ტვინი შიმშიმლობით იღებს. 

 

რას ნიშნავს ჭამაზე უარის თქმა?

მეცნიერთა განმარტებით, შიმშილობა არის საკვებზე უარის თქმა დროის იმ პერიოდით, რომელიც საკმარისია სხეულში კეტონების დონის გასაზრდელად. როდესაც ჩვეულებრივად იკვებებით და არ შიმშილობთ, უჯრედების, მათ შორის ნეირონების, მთავარ საწვავს გლუკოზა წარმოადგენს. შიმშილობა აცარიელებს ღვიძლში არსებული გლუკოზის მარაგს და აჩქარებს ცხიმოვანი უჯრედებიდან ცხიმის გამოდევნას. გამოთავისუფლებული ცხიმები მიდიან ღვიძლისკენ, იქ კი კეტონებად გარდაიქმნებიან — ცხიმის პატარა ნაწილაკებად, რომლებსაც უჯრედი ენერგიის წყაროდ იყენებს. 

ეს მეტაბოლური გადართვა — ენერგიის წყაროდ გლუკოზის ნაცვლად კეტონების გამოყენება — ხდება მაშინ, როდესაც დაახლოებით 10-14 საათი არ ხდება საკვების მოხმარება. აღსანიშნავია, რომ დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურია ორგანიზმი, ვარჯიში კი აჩქარებს ამ გადართვის დაწყებას. 

შიმშილობის სხვადასხვა რეჟიმი არსებობს. ლაბორატორიულ ცხოველებში ძირითადად მონაცვლეობის რეჟიმს იყენებენ — თაგვებს ან ვირთხებს 24 საათის განმავლობაში აჭმევენ ჩვეულებრივად, მომდევნო 24 საათი კი საკვების გარეშე ამყოფებენ. შესაძლებელია უფრო მეტადაც შეუზღუდონ ცხოველებს საჭმელზე წვდომა — გამოკვებონ დღე-ღამეში 4-6 საათი, დარჩენილი 18-20 საათი კი აშიმშილონ. ადამიანებში მეცნიერებმა შეისწავლეს შიმშილობის რეჟიმი, რომელსაც 5:2 დიეტა ჰქვია. ამ დროს ადამიანი კვირაში 5 დღე ჩვეულებრივად მიირთმევს საჭმელს, დარჩენილი 2 დღე კი დაახლოებით მხოლოდ 500 კალორიას იღებს. 

 

რა მოსდის ტვინსა და სხეულს, როდესაც ცხოველი შიმშილობს?

როდესაც გარეული ცხოველი, მაგალითად, მგელი ან პუმა, რამდენიმე კვირა ნანადირევის გარეშეა, ის დიდწილად გლუკოზის ნაცვლად კეტონებს იყენებს საწვავად. აღსანიშნავია, რომ მათი ტვინი და სხეული მშვენივრად ფუნქიონირებს შიმშილობის დროს, ლაბორატორიულ ცხოველებში კი ასეთ დროს ფუნქციონირება საერთოდაც გაუმჯობესებულია. ტვინის შემთხვევაში, კოგნიტური პროცესები, დასწავლა, მახსოვრობა და სიფხიზლე შიმშილობისას იზრდება. რაც შეეხება მათ ორგანიზმს, როგორც ახლახან აღმოაჩინეს, თაგვები, რომლებიც 1 თვის განმავლობაში მონაცველობის რეჟიმით ცხოვრობდნენ, მეტად ამტანები იყვნენ, ვიდრე თაგვები, რომლებსაც ყოველდღე აჭმევდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ შიმშილობამ თაგვების ფიზიკური მდგომარეობა გააუმჯობესა.

 

როგორ აუმჯობესებს შიმშილობა კოგნიტურ ფუნქციას თაგვებში?

ლაბორატორიულ ცხოველებში შიმშილობა, ვარჯიშის მსგავსად, ასტიმულირებს ნერვულ უჯრედებში ცილის გამომუშავებას. ასეთ უჯრედებს ტვინიდან წამოსული ნეიროტროფული ფაქტორები (ინგლ. Brain-derived neurotrophic factor), შემოკლებით BDNF, ეწოდება. აღნიშნული ცილა საკვანძო როლს ასრულებს სწავლაში, მახსოვრობასა და ჰიპოკამპუსში ახალი ნერვული უჯრედების წარმოქმნაში. გარდა ამისა, BDNF ნეირონებს მეტად გამძლეს ხდის სტრესის მიმართ. შიმშილობა ასევე თიშავს უჯრედის ზრდას და ხელს უწყობს ავტოფაგიის პროცესს — უჯრედების მიერ დაზიანებული მოლეკულებისა და დისფუნქციური მიტოქონდრიის მოშორებას.  ასე რომ, შიმშილობისას ნერიონები, რაღაც მხრივ, რესურსების დაგროვებისა და სტრესთან გამკლავების რეჟიმში არიან. როდესაც ცხოველი (და, სავარაუდოდ, ადამიანიც) საკვებს იღებს შიმშილობის პერიოდის შემდეგ, ნეირონები „ზრდის“ რეჟიმში ინაცვლებენ — გამოიუმუშავებენ ბევრ ცილას, იზრდებიან და ქმნიან ახალ სინაფსებს (ნერვული უჯრედების შეერთების ადგილებს). მეცნიერები ფიქრობენ, რომ მეტაბოლური გამოწვევების ეს წრებრუნვა, იქნება ის ვარჯიში თუ შიმშილობა, შემდეგ კი გამოჯანსაღების პერიოდი, აუმჯობესებს ნეიროპლასტიკურობას, დასწავლას, მეხსიერებასა და სტრესისადმი ტვინის ამტანობას.

 

არსებობს თუ არა მტკიცებულება, რომ ადამიანების კოგნიტური ფუნქციები უმჯობესდება შიმშილობისას?

დღეისათვის არასაკმარისადაა შესწავლილი შიმშილობის კოგნიტური სარგებელი ადამიანისთვის. National Institute on Aging — აშშ-ის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც შეისწავლის დაბერებას — იკვლევს ამ საკითხს. მკვლევრები ადამიანებს 5:2 რეჟიმზე ან კოტროლირებად დიეტაზე ამყოფებენ და 2 თვის შემდეგ კოგნიტური ფუნქციების ტესტებს უტარებენ, რომელთა დროსაც აკვირდებიან დასწავლისა და მახსოვრობის უნარს. როგორც ამ ინსტიტუტის მკვლევრები ამბობენ, კვლევა ჯერ კიდევ შუა ფაზაშია, თუმცა საბოლოო შედეგები ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

წყარო: https://www.brainfacts.org/thinking-sensing-and-behaving/diet-and-lifestyle/2018/how-does-fasting-affect-the-brain-071318

რედაქტორი - შოთა ფუტკარაძე

სტატიის ავტორი მთარგმნელი: თინათინ ინაური, 2021-03-24